საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მარიამ ლორთქიფანიძის  კითხვანი - 2022

2022 წელი ცნობილი უნივერსიტეტელი ისტორიკოსის, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის 100 წლის იუბილეა.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა 2022 წლის 29 აპრილს მართავს აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის სახელობის ქართველოლოგიურ სამეცნიერო კითხვანს.

კითხვანში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების მკვლევრებს, თანამშრომლებს და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.

კითხვანში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ სამეცნიერო ნაშრომი წარმოადგინონ ქართველოლოგიის ნებისმიერ დარგში. 

2012 წელს, ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ და მეცნიერმა, აკადემიკოსმა მარიამ ლორთქიფანიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა პირადი ბიბლიოთეკა. ისტორიკოსის წიგნების კოლექცია, რომელიც 4310 საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის, ძირითადად საისტორიო შინაარსის ლიტერატურისგან შედგება და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში ინახება.
2018 წელს, უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში 321-ე აუდიტორიას მიენიჭა ცნობილი ქართველი მეცნიერის მარიამ ლორთქიფანიძის სახელი, სადაც პირველად გაიმართა აღნიშნული კითხვანი.
კითხვანის მიზანი:  
კითხვანის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველოლოგიური კვლევების განვითარებას, კვლევების შედეგად მიღებული სამეცნიერო სიახლეების პოპულარიზაციას. 

კითხვანის მომხსენებელთა შერჩევა:

კითხვანის მომხსენებელთა შერჩევა მოხდება თეზისების წარმოდგენის შედეგად. 2022 წლის 15 აპრილამდე მონაწილეებმა ელექტრონულ მისამართზე:  library@tsu.ge, უნდა გადმოაგზავნონ კითხვანის მოხსენების  თეზისები (არაუმეტეს 400 სიტყვისა). თეზისების შერჩევის შემდეგ, მონაწილეებმა, არაუგვიანეს 23 აპრილისა ამავე მისამართზე უნდა გადმოაგზავნონ საბოლოო ნაშრომები. 


კითხვანის  მოხსენების ტექნიკური სტანდარტები: 
 
საბოლოო ნაშრომის მოცულობა  უნდა შეადგენდეს 2000 - 2500 სიტყვას
 შრიფტი - Sylfaen
 შრიფტის ზომა - 11
 სტრიქონებს შორის დაშორება - 1.5
 ფურცლის კიდეებიდან დაშორება: მარცხნივ - 3, მარჯვნივ - 1.5, ზემოთ და ქვემოთ - 2.5
მოხსენება უნდა მოიცავდეს შესავალს, ძირითად ნაწილს, დასკვნებსა და დამოწმებული ლიტერატურის სიას (APA-ს სტილით)

რეგლამენტი

მოხსენება -15 წუთი
დისკუსია - 5 წუთი 
 
აბსტრაქტებსა და საბოლოო ნაშრომს თან უნდა ახლდეს ინფორმაცია ავტორის შესახებ:
 
•    გვარი, სახელი
•    ორგანიზაცია, სამეცნიერო ხარისხი და თანამდებობა
•    საკონტაქტო ინფორმაცია

კითხვანის მოხსენებები გამოიცემა. 

მნიშვნელოვანი თარიღები
 
•    კითხვანის გამოცხადება: 2022 წლის 15 თებერვალი.  
•    მოხსენებების აბსტრაქტების მიღების საბოლოო თარიღი:  2022 წლის 15 აპრილი.
•    სრული მოხსენებების და პრეზენტაციების გადმოგზავნა: 2022 წლის 23 აპრილამდე.
•    კითხვანის გამართვის თარიღი:  2022 წლის 29 აპრილი.
 

თარიღი: 15/02/2022